ილონ მასკი - დონალდ ტრამპი თუ დამარცხდება, აშშ-ში „ნამდვილი არჩევნები“ აღარ გაიმართება
დონალდ ტრამპი თუ დამარცხდება, აშშ-ში „ნამდვილი არჩევნები“ აღარ გაიმართება, – ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის ლიდერები აშშ-ში მყოფი 15 მილიონი მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას და კიდევ ათეულობით მილიონი მიგრანტის ჩაყვანას გეგმევან.
მასკის მოსაზრებით, ამ გზით ყველა შტატში დემოკრატების მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება და „ნამდვილი არჩევნები“ აღარ ჩატარდება.
„დემოკრატიული პარტიის თითქმის ყველა ლიდერის საჯაროდ გაცხადებული მიზანია დაახლოებით 15 მილიონი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაცია, რაც შეიძლება მალე, ასევე კიდევ ათეულობით მილიონის შემოყვანა. ეს დაუყოვნებლივ გადააქცევდა ყველა მერყევ შტატს „ლურჯად“, (დემოკრატების მხარდამჭერად), ისევე როგორც მოხდა კალიფორნიაში 1986 წლის ამნისტიით. ეს ამერიკას მუდმივ ერთპარტიულ სახელმწიფოდ აქცევს. ეს იქნება ბოლო ნამდვილი არჩევნები, თუ ტრამპი დამარცხდება“, – წერს ილონ მასკი.
ცნობისთვის, ივლისში მასკმა თქვა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი არალეგალი მიგრანტის შეშვებას გეგმავს, რათა მათ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცენ.