ილიაუნის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები სტუდენტებს ხვდებიან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები სტუდენტებს ხვდებიან.
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, აღდგეს ილიაუნის ბიზნესსკოლა როგორც დამოუკიდებელი ერთეული. მათ მოთხოვნებში ასევე შედის ბიზნესსკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნება.
სტუდენტები ჯერ არ აკონკრეტებენ, მოითხოვენ თუ არა ილიაუნის რექტორის, გიგა ზედანიას გადადგომას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები შესრულდება. რექტორი ამბობს, რომ ადმინისტრაცია სტუდენტებთან პოზიციის დაახლოებას ცდილობს და დიალოგისთვის მზად არის.
20 სტუდენტი მეოთხე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. შეწყვეტენ თუ არა ისინი შიმშილობას, მათი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, სტუდენტთა ნაწილი იმ რეფორმის გადახედვას ითხოვენ, რომლითაც ბიზნესის სკოლა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს შეუერთდა და დამოუკიდებელი ერთეულის სტატუსი დაკარგა. რეფორმის შედეგად ბიზნესისსკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი ქადაგიძე.