ილია წულაია - თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში, რათა მოსახლეობასთან მივიტანოთ ჩვენი სათქმელი
ყოველდღიურად ჩავებმებით წინასაარჩევნო კამპანიაში და აქტიურად ვიმუშავებთ, რათ კარგად ავუხსნათ მოქალაქეებს ჩვენი სათქმელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ილია წულაიამ განაცხადა.
„ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ეს არის ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი რესურსით, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ჩავერთვებით კამპანიაში, რათა მოსახლეობასთან მივიტანოთ ჩვენი სათქმელი“, – აღნიშნა ილია წულაიამ.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა საკუთარი შეცდომები დაინახა.
„კარგად დავინახეთ, რომ ჩვენც დავუშვით შეცდომები, შეიძლება, რაღაცები არასწორად აღვიქვით. ამიტომ ეს იქნება ჩვენთვისაც კიდევ უფრო კარგი მაგალითი, რომ მოსახლეობასთან თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა დეპუტატმა, საკრებულოს წევრმა იმუშაოს, კარგად გაიგოს ჩვენი მოსახლეობის პრობლემა, კარგად აუხსნას ჩვენი სათქმელი, ჩვენი ამომრჩევლისა და თითოეული მოქალაქის პრობლემა გადავწყვიტოთ და მაქსიმალურად ვიმუშაოთ მათი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ილია წულაიამ.
მისივე თქმით, ყველა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ უბანსა და რაიონში შეხვდება ამომრჩეველს.
„ორშაბათიდან იქნება შეხვედრები. მანამდე მოსამზადებელი სამუშაო იქნება და თითოეული დეპუტატი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი თბილისში, ჩემს უბანში ვიმუშავებ. ყოველდღიურად ჩავებმებით და აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კარგად ავუხსნათ მოქალაქეებს ჩვენი სათქმელი“, – განაცხადა ილია წულაიამ.