ილია წულაია - მოვუწოდებ თითოეულ ბიზნესმენს, ვისაც აქვს რესურსი, შეუნარჩუნოს თანამშრომლებს ხელფასები და სამსახური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ილია წულაიამ ბიზნესმენებს მოუწოდა, თანამშრომლებს სამსახური და ხელფასები შეუნარჩუნონ. ამის შესახებ ილია წულაიამ პარლამენტის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ კრიზისულ სიტუაციაში ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს, ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ბევრი დროებით დაიხურა, სამწუხაროდ, ბევრი ალბათ სამუდამოდ. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ბიზნესში, ისე ჩვენს მოქალაქეებში. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო. მინდა, მოვუწოდო თითოეულ ბიზნესმენს, ვისაც აქვს რესურსი, მესმის, ყველა ბიზნესი გაჭირვებაშია დღეს და არც ერთს არ ულხინს, მაგრამ ვისაც აქვს რესურსი, შეუნარჩუნოს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასები და სამსახური. მე როგორც ბიზნესის მფლობელმა, იცით, მე „არქის“ დამფუძნებელი ვარ, ამ საგანგებო ვითარებაში ჩვენს პარტნიორებთან, ზაზა ფაჩულიასთან და ჩვენს ებრაელ პარტნიორთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, რომ 95 პროცენტი დისტანციური მუშაობაზეა, შევუნარჩუნოთ სამსახურები, შევუნარჩუნოთ ხელფასები და მხოლოდ მშენებლობებზე იმუშაონ არადისტანციურად. დანარჩენი ყველა დისტანციურად მუშაობს და სრულად ინარჩუნებს სამსახურს. მესმის, თითოეული ბიზნესმენის, მე ზუსტად ვიცი, რა გაჭირვებაა, რა რთულია ამ ვითარებაში, სრულად შეუნარჩუნო სამსახური ყველა თანამშრომელს და შეუნარჩუნო ხელფასი, მაგრამ მოგიწოდებთ, ერთად დავძლევთ ამ პრობლემებს, თქვენი გუნდისთვის, თქვენი კომპანიისთვის ეს იქნება ძალიან კარგი, გეუბნებით ჩემი პირადი გამოცდილებით“, – განაცხადა ილია წულაიამ.