დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ქალაქისთვის საჭირო პროექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ილია წულაიამ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას მიწისქვეშა პარკირების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ჩავარდნის შესახებ.
„დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ეს ქალაქისთვის საჭირო პროექტი. ერთი მხრივ, სერიოზული საკომუნიკაციო სამუშაოა გასაწევი მსხვილ საინვესტიციო და ფინანსურ ჯგუფებთან, რომ ამ პროექტში გვერდით დაუდგნენ მერიას და მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში. მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის ანალოგიური შემთხვევა, პუშკინის სკვერის ქვეშ, მახსოვს პოლიტიკური განცხადებების და შეთქმულების თეორიების აგების საბაბი გახდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა თბილისში ნაწილობრივ საქველმოქმედო პროექტია – ნებისმიერი, ბიზნესში ოდნავ მაინც გარკვეული ადამიანი, დამეთანხმება ამაში”, – განაცხადა წულაიამ.
მისივე თმით, ნებისმიერი კომპანია თუ ინვესტორი ვინც ამ ინტერესთა გამოხატვაში მიიღებს მონაწილეობას არის დასაფასებელი, მხარდასაჭერი და არა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების და პარტიული ინტერესების გამო ცილისწამებაში და კრიტიკაში გასახვევი.
„იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის ბიზნესი მოახდენს თავისი ძალების და საერთაშორისო კონტაქტების მაქსიმალურ მობილიზებას, რომ მხარი ავუბათ მერიის ისეთ პროექტებს, რაც თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების მაქსიმალურ კომფორტს შეუწყობს ხელს”, – განაცხადა წულაიამ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადი არც ერთ კომპანიას არ წარუდგენია.