ილია ვერძაძე - აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ბოიკოტი არეულობის შემოტანისა და სტაბილური გარემოს მოშლის მორიგი მცდელობაა
ბოიკოტიდან ჩანს მორიგი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის შემოტანის, იმ სტაბილური გარემოს მოშლის, რაც, ჩვენი ხელისუფლების წყალობით, ქვეყანაში არსებობს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძემ განაცხადა.
ილია ვერძაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ.
ვერძაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა წარუმატებლად დასრულდება.
„2012 წლიდან მოყოლებული, ყოველ ჯერზე ვხედავთ ამ უნიათო მცდელობას. ხშირად ძალიან ბანალური მიზეზით, ქვეყნის არევას ცდილობენ. ვფიქრობ, დღესაც ფოკუსირება გააკეთეს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, არანაირი რეალური საფუძველი არ შეიძლება, დავინახოთ, ვერც დავინახავთ. სააკაშვილი სასჯელს იხდის კანონით გათვალისწინებული წესით. მორიგი მცდელობაც წარუმატებლად დასრულდება“, – განაცხადა ილია ვერძაძემ.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვსი დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმში გადადის და სხდომებს არ დაესწრება. მათი განცხადებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ხელისუფლების გვერდით ჯდომას არ აპირებენ და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.