ილია ნაკაშიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევისას პრეზიდენტის მხრიდან წინააღმდეგობას არ ელოდება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ილია ნაკაშიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევისას წამყვანი უმრავლესობის აზრი იქნება და ამ თვალსაზრისით პრეზიდენტ მარგველაშვილისგან წინააღმდეგობის გაწევას არ ელოდება.
ჟურნალისტებთან საუბარში ილია ნაკაშიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე წინააღმდეგობის გაწევას აზრი აქვს, რადგან პასუხისმგებლობა და უპირატესობა მმართველი გუნდის მხარესაა.
დეპუტატის ცნობით, კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ დასრულებული არ არის.
“ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობასთან კონსულტაციები გაწერილი არ არის, ამიტომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა საქართველოს პარლამენტის აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად კანდიდატურაზე ჩამოყალიბდება. კანდიდატურის ინიციატორი პარტიის ხელმძღვანელობა იქნება, ეს არის პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო და უმრავლესობა. ხელმძღვანელობაში ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ბახტაძეს ვგულისხმობ, რომლის სტრუქტურის ნაწილია ეს და მისი პოზიცია პრინციპულია”, – აღნიშნა ნაკაშიძემ.
დეპუტატი ფიქრობს, რომ კანდიდატურის შერჩევის თაობაზე პრეზიდენტის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ინიციატივა უმრავლესობას აქვს.
„ჩანაწერს ფორმალურად რომ შევხედოთ, კანდიდატი კონსულტაციების შედეგად არის შერჩეული. წამყვანი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა იქნება. წამყვანი იქნება უმრავლესობის აზრი, პრეზიდენტისგან წინააღმდეგობას არ ველოდები. პრაქტიკულად, ამას აზრი აქვს, რადგან ეს ჩვენი პასუხისმგებლობა და უპირატესობაა”, – განაცხადა ნაკაშიძემ.
ილია ნაკაშიძე თანამდებობიდან ზურაბ პატარაძის წასვლასაც გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ მან საქმიანობა ეკონომიკურ ბლოკში გააგრძელოს.
„ტრაგედია არ არის, რომ ადამიანი თანამდებობიდან გადადგება. როტაცია მიღებული პრაქტიკაა. ხელმძღვანელს რა გამოცდილებაც ჰქონდა, სხვაგან შეუძლია გამოიყენოს. მის ჩართულობას ეკონომიკურ სფეროშიც არ გამოვრიცხავ. მას უნიკალური დიპლომატიური გამოცდილებაც აქვს”, – დასძინა ნაკაშიძემ.