ილია მეორის კურთხევით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, თევზით ხსნილი იქნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 31 დეკემბერი, პირველი და 2 იანვარი თევზით ხსნილი იქნება, – აღნიშნული განცხადება არქიდიაკონმა დემეტრემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დროს გააკეთა.
წირვის შემდეგ კი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა იქადაგა და მრევლს სულიერი ცხოვრებისა და მათი სულიერი მამის, პატრიარქის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
დღევანდელ წირვაზე საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე მღვდელმსახურს საეკლესიო წოდებები და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა.
დეკანოზი ირაკლი ახალაძე, რომელიც ბრძანდება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
დეკანოზი გაბრიელი ლომაძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
მღვდელი ირაკლი წულაძე, აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
იღუმენია სარა ნათებაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით.
ამასთან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კვირა საღამოს 23:00 საათზე იქნება დახვედრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, წაკითხულ იქნება საშობაო ეპისტოლე და შემდეგ შესრულდება საზეიმო ლიტურგია. მანამდე კი, კვირა საღამოსვე 20:00 საათზე შესრულდება წმინდა სერობისა და წმინდა ცისკრის ჟამნი.