ილია მეორის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება
ილია მეორის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება

25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, პანდემიის გამო, წელს ამ თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება.

„გავრცელებული პანდემიის გამო, ა.წ. 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.