ილია მეორის აღსაყდრების 44-ე წლისთავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს [ფოტო]
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა.
სამების საკათედრო ტაძარში ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე დანიელი სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. თავად პატრიარქი დღეს სამებაში არ იმყოფება.
არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო წირვას 15 მღვდელმთავარი აღავლენს. წირვის ბოლოს კი, უწმინდესს აღსაყდრების დღეს მიულოცავენ და იქნება ქადაგება.
„ვულოცავთ, ჩვენს უწმინდესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილეს. მოგეხსენებათ, 1977 წელს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სწორედ ამ დღეს მოხდა მისი პატრიარქად აღსაყდრება. ვუსურვებთ მას დიდხანს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. სამების საკათედრო ტაძარში 15 მღვდელმთავარი აღავლენს საზეიმო წირვას. წირვის ბოლოს მიულოცავენ უწმინდესს აღსაყდრების დღეს და იქნება ქადაგება“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ ესწრება დღევანდელ დღეს პატრიარქი, არქიმანდრიტის განცხადებით, „აპირებდა. ვიცით, რომ ბოლო წუთამდე იყო გადაწყვეტილი და ვერ შეძლო“.
ამასთან, საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, საპატრიარქოში სტუმრების მიღება არ იგეგმება.
მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა.
ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა.