ილია მეორემ რომის პაპ ფრანცისკეს წერილით მიმართა - მადლიერნი ვართ თანაგრძნობისათვის, რომელიც გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და მის მსხვერპლთა გამო
საქართველოს საპატრიარქო რომის პაპ ფრანცისკესთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამადლობელ წერილს აქვეყნებს.
როგორც პატრიარქი წერილში აღნიშნავს, მადლიერებას გამოხატავს თანაგრძნობისათვის, რომელიც რომის პაპმა რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გამოიჩინა.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
რომის პაპი ფრანცისკე შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლოცულობს მსხვერპლთათვის და მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს.