ილია მეორემ დალოცა ბიძინა ივანიშვილი, როგორც სამების ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული შემომწირველი
მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველები, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.
ილია მეორემ ქართველ ხალხს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ის ადამიანები გაიხსენა, ვინც წვლილი შეიტანა სამების ტაძრის მშენებლობაში.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა.
წყალობა ღვთისა არ მოგიშალოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.