უპირველეს ყოვლისა, ვლოცავ აბიტურიენტებს, რომლებიც ხვალ აბარებენ გამოცდებს. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგი ნიშნები დაიწეროს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ აბიტურიენტები დალოცა.
„უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება ყოველ ჩვენგანს – „ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა, აღიღეთ ჯვარი თვისი და შემომიდექ მე“. როგორ გავიგოთ, რომელია ჩვენი ჯვარი, მაგრამ უფალი გვიჩვენებს, ის არის გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. უფალი გვიჩვენებს სადაა ჭეშმარიტება. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. შეგვიძლია ჩვენ ვიტვირთოთ ჭეშმარიტების ჯვარი და სიმძიმე. ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, თუ გვინდა, რომ სხვამაც იტვირთოს ჩვენი ჯვარი“, – აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, მძიმე ღვაწლია, როცა სხვის სიმძიმეს იტვირთავს ადამიანი. პატრიარქმა თანადგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ დღეს, როცა დაარსდა თანადგომის დღე. თანადგომა ერთმანეთის – ქრისტიანობა ამაშია, სიდიადე ქრისტიანობის, რომ აძლევს ძალას, მადლს, რომ იტვირთოს სხვისი ჯვარი. არის შემთხვევა, როცა ადამიანი დგას უფსკრულის წინაშე. ხშირი შემთხვევა ყოფილა, როცა მე ვხედავდი იმ ადამიანს, რომელიც იღუპებოდა, მინდოდა შველა, მაგრამ ის ადამიანი უარყოფდა შველას. უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ აკურთხოს ერი თვისი. თუ იქნება ჩვენს გულს განცდა თვისთა ცოდვათა და არ განვიკითხავთ ერთმანეთს, ვერანაირი მტერი ვერ მოგვერევა“, – განაცხადა ილია მეორემ.
მისივე თქმით, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ცხოვრობენ და სხვას ეხმარებიან.
„არის ისეთი ადამიანი, რომელიც თავის თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს, სხვას უშველოს. ასეთი ადამიანები ბედნიერები არიან. დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ, დავუდგეთ მხარში ერთმანეთს. დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება. ბევრი შემთხვევაა, როცა იღუპებიან და ძალა არ ჰყოფნით, რომ გადაირჩინონ თავი თვისი. ღმერთმა მოგცეთ ძალა, მადლი და წყალობა თვისი, რათა ვიცნოთ თავი ჩვენი. ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი შენი. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ შევიცნოთ თავი ჩვენი“, – აღნიშნა ილია მეორემ.