ილია მეორე - ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვწუხვართ, ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტაა, ჩვენ კიდევ ვეცდებით
ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვწუხვართ, ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტაა, ჩვენ კიდევ ვეცდებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღასრულა.
„ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისკენ, ზოგი უმცირესობისკენ, ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა კანონზომიერია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.
აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი, ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს.
ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა. რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ამიტომ საჭიროა ჩვენი რწმენა, ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა შორის. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი წყალობისთვის“,- განაცხადა ილია მეორემ.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღევანდელ დღეს „შენდობის კვირიაკე“ ეწოდება.
„ჩვენ შევუნდობთ ერთმანეთს ცოდვებს, შეცოდებას, ჩვენ ვაპატიებთ ერთმანეთს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცოდვა არ დარჩეს შეუნდობელი. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის. დიდება უფალს მისი მოთმინებისთვის.
ყოველდღე, რამდენჯერმე ვლოცულობთ „მამაო ჩვენოს“ და „მომიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. და ეს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ლოცვა უფალმა გვასწავლა. თანანადებნი ჩვენი ეს არის ვალი ჩვენი, და მოგიტევეთ ჩვენ ვალი შენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვარესა ჩვენსა. არ შეიძლება ადამიანი ცხონდეს, იცოცხლოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, ცოდვა იღებს ადამიანი და ეს გარდაუვალია ადამიანის ცხოვრებაში. რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა, საჭიროა სათნოება, საჭიროა განცდა ცოდვისა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ეს აუცილებელია.
ჩვენ ვცდილობთ, სიკეთე ვაკეთოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ვაკეთებთ სიკეთეს და პასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ, სამაგიეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება.
დღეს არის შენდობის დღე და შენდობა აუცილებელია. დიდება უფალს და მადლობა უფალს, ჩვენ დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შენდობა მიიღოთ მოყვასისა ჩვენისა. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა გთხოვოთ შენდობა. ცოდვა გარდაუვალია, ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ, ღმერთმა ინებოს წყალობა. ამ დღეს მე მოგმართავთ ყველას, შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემი. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ, სრულიად საქართველოს შეცოდებანი თქვენი ნებსით და უნებლიეთ, შენდობილი იყავით. ღმერთმა მოიღოს მადლი, მადლი ღვთისა“,- განაცხადა ილია მეორემ.