ილია მეორე - ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია
ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია, დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიარქი აღნიშნავს, რომ ღვთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა, ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.
„ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა… ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.