ილია მეორე - ყველას გთხოვთ პატიებას ჩემს ცოდვათა გამო, ჩემი მხრიდან გაძლევთ შენდობას თქვენს შეცოდებათა გამო, გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ სისუსტენი
ყველას გთხოვთ პატიებას ჩემს ცოდვათა გამო, ჩემი მხრიდან გაძლევთ შენდობას თქვენს შეცოდებათა გამო, გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი, – ამის შესახებ შენდობის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დალოცვის ტექსტშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, ორშაბათიდან იწყება დიდი და წმინდა მარხვა, რომელიც მოიცავს 40 დღესა და ვნების შვიდეულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომამზადებელ შვიდ შვიდეულს წარმოადგენს.
დღეს, კვირა საღამოს ყველა ტაძარში ტარდება შენდობის მსახურება, რომელიც ყველას შეახსენებს სინანულის მაცხოვნებელ მნიშვნელობას. შემდეგ კი სასულიერო პირებიც და მორწმუნენიც ერთმანეთს სთხოვენ პატიებას, რათა განწმენდილი სულიერი მდგომარეობით – ურთიერთმიმტევებლობით, სინანულითა და თავმდაბლობით შეუდგნენ ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვის პერიოდს.
მეც ყველას გთხოვთ პატიებას ჩემს ცოდვათა გამო და, ჩემის მხრიდან, გაძლევთ შენდობას თქვენს შეცოდებათა გამო.
გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი და აღსრულდეს მისი სიტყვები: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მთ.6:14-15).
მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მოგვანიჭოს მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ და მშვიდობით დაგვიცვას.
ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო!“ – ნათქვამია ილია მეორის დალოცვაში.