ილია მეორე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, არაერთხელ გადაურჩენია საქართველო დაცემისგან
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, არაერთხელ გადაურჩენია საქართველო დაცემისგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
„ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულს. გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ათონის მთიდან საქართველოში ჩამობრძანებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. არაერთხელ გადაურჩენია საქართველო დაცემისგან. მინდა, გაგახსენოთ ის მძიმე დღე, როცა საქართველოს მონღოლები შემოესივნენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და ერთმა მოხუცებულმა ადამიანმა, ქართველმა კაცმა სთხოვა, ილოცეთ, მოწყალებისა კარი განგვიღე. ჩვენც ახლა შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ მოწყალების კარი განგვიღოს და ეს ლოცვა ერთად ვთქვათ:
„მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ამინ“, – განაცხადა ილია მეორემ.