ილია მეორე - წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველოს გრძნობს ამას
წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველოს გრძნობს ამას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ძველ დროს არ იყო ასეთი სოფელი, ისეთი ქალაქი, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო.
„ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველოს გრძნობს ამას. ჩვენ ვიგალობეთ წმინდა გიორგის ტროპარი. წმინდა გიორგი ხშირად იხატება დიოკლეტიანესთან ერთად. დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო წმინდა გიორგი და არის ისეთი აზრი, რომ დიოკლეტიანეს მიაჩნდა ტახტის მემკვიდრედ წმინდა გიორგი, მაგრამ რომ გაიგო, ის ქრისტიანია და უარყო კერპტაყვანისმცემლობა, იწყო მისის წამება. როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის და იცლებოდა სისხლით, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები “გიორგი ნუ გეშინია მე შენთანა ვარ” და აი, ჩვენც ასეთი რწმენით, ასეთი სიყვარულით ვხმობთ წმინდა გიორგი ჩვენთანა. ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი”, – აღნიშნა პატრიარქმა.