ილია მეორე - უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულს, ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ, შევთხოვთ უფალს, რომ ქრისტე იშვას ჩვენს გულებში
უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
„ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, დღეს ბედნიერი დღეა, შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოველ წელიწადს აქვს თავისი განსხვავება. ეს წელიწადი განსხვავდება იმით, რომ მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს. მოციქული ამბობს: ,,ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულს. ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ ქრისტე იშვას ჩვენს გულებში, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი“, – მიმართა პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილებს.
სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.