ილია მეორე - უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით? ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ღმერთმა წყალობა მისცა მართლაც და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას“,- განაცხადა პატრიარქმა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, სვეტიცხოვლობა უდიდესი დღესასწაულია.
„სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრი ესწრება წირვას, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“,- აღნიშნა ილია მეორემ.
14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.