ილია მეორე - უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი [ვიდეო]
უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მისამართით აღნიშნა.
„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში. ურთიერთობა ეკლესიასა და ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს შორის. მე მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი , რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილებია. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენს შორის“,- განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სული წმინდის მოსვლას მოციქულთა ზედა. ღმერთმა ინებოს, ყოველი ადამიანი გახდეს და იქნას ტაძარი სული წმიდისა. ამისთვის მოწადინებული ვართ ჩვენ ყოველნი სული წმინდა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მადლისა გადმოვიდეს ჩვენზედა. ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.
„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.