ილია მეორე - თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს
მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ 40 წლის მანძილზე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ „ძველი აღთქმის“ სრული აკადემიური გამოცემისა და „მცხეთური ბიბლიის“ ახალი რედაქციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“გულითადად მოგესალმებით. დღეს ისტორიული თარიღია ეკლესიის და ერის ისტორიაში და მე მინდა მოგესალმოთ ყველას. მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ 40 წლის მანძილზე. მე ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო. მე პირველი შეხება ხელნაწერთა ინსტიტუტთან მქონდა ჩემი სტუდენტობის დროს, როცა ვამთავრებდი მოსკოვის სასულიერო აკადემიას. მქონდა აღებული საკანდიდატო თემა ივერიის მონასტრის ისტორია და ჩამოვედი თბილისში და მქონდა შეხვედრა ილია ბუღაძესთან, ის ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტს და მეხმარებოდა იმ მასალების მოძებნაში, რომელიც საჭირო იყო. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისათვის, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო”, – აღნიშნა პატრიარქმა.