სიყვარულია, რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიარქი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.
„როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღვთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღმოცენებული ნერგი მალე გახმება, თუ ნოყიერ მიწას, დიდი ხეც რომ ადვილად ფესვს გაიდგამს?
უფლის სამეფო არის ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებულ პიროვნებათა კრებული, რომელიც ცხოვრობს ურთიერთსიყვარულითა და ურთიერთმსახურებით, იმ წესით, დაცემამდელ ადამიანებს რომ ჰქონდათ და შემდეგ ჯვარცმულმა იესომ აღვიდგინა.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც მორწმუნენი სათნოებებით არიან შემოსილნი, ღვთის დიდებასა და მასთან ერთობას ესწრაფვიან და შთამომავლობასაც ამ პრინციპით ზრდიან.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც, თუნდაც დიდი შეცდომების მიუხედავად, დიდი სინანულია, სადაც მუდმივი ხსოვნაა ზეციური სასუფევლისა.
უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა და აქ უხმობს იგი გადარჩენის ყველა მსურველს.
ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.
გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართელესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33)
მისგან ნასწავლებ ლოცვაშიც, ვამბობთ: „მოვედინ სუფევა შენი (ანუ შენი მეუფობა), იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.“
ვამბობთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა, ზეციური მეუფების ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენშიც და ჩვენს გარემოშიც და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ სახელმწიფო წყობასა და რომელ ეპოქაში მოგვიწევს არსებობა. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს საზოგადოების მოწყობის ისეთი წესები, რაც ცათა სასუფეველთან არ დაგვაპირისპირებს.
თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ სხვისი და საკუთარი სული.
სიყვარულია, – რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?
– ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.
ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მათე 25, 35-36).
სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფილობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.
მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.
უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.