ილია მეორე - შევთხოვთ წმინდა გიორგის, შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის
დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
„წმ გიორგის როცა აწამებდნენ და იცლებოდა სისხლისგან, მან წარმოთქვა სიტყვები – „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. სინამდვილეში ის მარტო არ იყო. ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა – „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო“. მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა. სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იმედაძეების, კარტოზიების, ქურდიანების, ქორიძეების, ჯანჯღავებისა და ბაბიაშვილების გვარები დალოცა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.
გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.