ილია მეორე - შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიყვარული და მთლიანობა საქართველოისა
დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და მთლიანობა საქართველოისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა.
ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„დღეს არის უდიდესი ჩვენი ეროვნული დღესასწაული მცხეთობა, სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს და როგორც ტყუპი ძმები, ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველსა და მცხეთას, კარგი და მძიმე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოისა. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, ქართველმა ადამიანმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინება, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის, პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა სვეტიცხოველში ხდებოდა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
მცხეთა განსაკუთრებული ქალაქი და ადგილია. ქრისტეს შობამდე, ექვსი საუკუნით ადრე ჩამოტანილი იყო ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. შემთხვევით არ არის, რომ ჩამოტანილი იყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს – სიწმინდეების ჩამობრძანება, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს. გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა, ამ ადგილას დასაფლავებულიყო. თავს უღირსად თვლიდა, რომ აქ დაეკრძალათ და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტერი. ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო.
მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ჩვენთან არის პრემიერ-მინისტრი საქართველოსი, მერი თბილისისა და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და მადლი უფლისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დავით აღმაშენებლის ხატი, ხოლო თბილისის მერს, კახა კალაძეს თამარ მეფის ხატი გადასცა.