ილია მეორე - სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა
ილია მეორე - სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს – პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა.

სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, – ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები.

ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდო ღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი, რასაც შედეგად მოჰყვება აღქმის დაკარგვა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ.

ყოველივე ამას დაემატა პანდემია, რომელმაც მასობრივი შიში დანერგა და ერთმანეთს დააშორა როგორც ქვეყნები, ისე ცალკეული პიროვნებები.

მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის.

საერთოდაც, განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ.

პოსტპანდემიური სიძნელეების დაძლევა, ომში დაზარალებულთა შესაძლებლობისამებრ დახმარება და ლოცვა მშვიდობისათვის, – ჩვენი მოვალეობაა. ამასთან, სასულიერო პირები შესაძლებლობისამებრ უნდა დაეხმარონ ადამიანებს, სხვადასხვა განსაცდელისადმი შიშის დაძლევაში.

ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით.

ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს, დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე.

ეს რეალობა უნდა იპოვოს ადამიანმა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი!

ვიმედოვნებთ, სხდომის მუშაობა ხელს შეუწყობს რელიგიათშორის დიალოგსა და მშვიდობას, რელიგიისა და კულტურის ურთიერთპატივისცემით თანაარსებობას და შექმნის პირობებს საერთო ძალისხმევით სულიერი ღირებულებების დაცვისთვის.

მადლობას ვუხდი ამ შეხვედრის ორგანიზატორებს და ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღვთივსათნო საქმიანობაში!“, – ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.