ილია მეორე - საზოგადოებრივ მაუწყებელს გულითადად ვულოცავთ ახალმოსახლეობას, დასაფასებელია ის ღვაწლი, რასაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ეწევა საზოგადოებრივი მაუწყებელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალმოსახლეობას ულოცავს.
„საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გულითადად ვულოცავთ ახალმოსახლეობას. გამორჩეული ისტორიის მქონე ეს დაწესებულება რადიომაუწყებლობის სახით დაარსებიდან თითქმის 100 წელს ითვლის, ხოლო ტელემაუწყებლობის – 68-ს.
ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში მრავალი ცვლილება მოხდა, მრავალ ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ხალხმა და პირველი არხი იყო ყველაზე დიდი მემატიანე მიმდინარე პროცესებისა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ათწლეულების მანძილზე, მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა და ათეისტური რეჟიმის მკაცრი კონტროლისა, იგი მაინც ახერხებდა პატრიოტული თემატიკის წამოწევას, ქართული მწერლობისა და კულტურის პოპულარიზაციას და ეს დასაფასებელია.
დასაფასებელია ის ღვაწლი, რასაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ეწევა საზოგადოებრივი მაუწყებელი განათლების დონის ამაღლების, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი მიმართულებით, ასევე ჩვენი მრავალეროვანი მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით და სხვ.
თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, თუნდაც სამშობლოსთან საქართველოს ისტორიული დიასპორებისა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა დაახლოებისათვის; ჩვენს მოსახლეობაში სწორი აზროვნების, სწორი ორიენტირების ჩამოყალიბებისთვის, რადგან თანამედროვე რთულ დროში ადამიანთა ნაწილისთვის სირთულეს წარმოადგენს მართებული ნაბიჯების გადადგმა.
თქვენ გაქვთ დიდი შესაძლებლობა, იტვირთოთ ხალხისთვის გზამკვლევის ფუნქცია – ეს ფრიად საპატიო და საპასუხისმგებლო მისია.
მინდა, დავლოცო ტელევიზიის ხელმძღვანელობა, თითოეული თანამშრომელი და ახალი ენერგიით, ახალი შემართებით ღვთისა და ქვეყნის მსახურებისთვის წარმატებული მუშაკობა ვუსურვო; დავლოცო ყველა ის პიროვნება, ვინც წარსულში აქ მოღვაწეობდა, ხოლო მარადიულობას შერთულთა სულნი უფლის მოწყალებას შევავედრო.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თვისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!“ – ნათქვამია ილია მეორის მილოცვის ტექსტში.