საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.
შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.
ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა.
შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მამა გიორგი ზვიადაძემ, ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ასევე საფეხბურთო ნაკრების წევრებმა.
როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, საფეხბურთო ნაკრებმა უდიდესი სიხარული მოუტანა ქართველ ერს და ასახელა საქართველო.
„მინდა, ყველას მოგმართოთ დიდი პატივისცემით. საქართველოს პატრიარქი არის გამსჭვალული თქვენდამი პატივისცემით და თქვენი დამსახურების აღიარებით. საქართველოს პატრიარქთან ერთად, ჩვენ, ყველანი, ვართ გამსჭვალული თქვენდამი უდიდესი პატივისცემით. უდიდესი სიხარული მოუტანეთ ქართველ ერს, ასახელეთ საქართველო თავდაუზოგავი თამაშით და დიდი წარმატებით, რასაც ევროპის ჩემპიონატზე მიაღწიეთ“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს და ყველას, ვინც ნაკრებს მხარს უჭერდა.
„პირადად ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა და დღეს ეს ოცნება ამიხდა. ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება, ალბათ არავინ ელოდა, რომ აქამდე გავიდოდით და ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას სათითაოდ, რომ გვერდით გვედექით და ამ რთულ თამაშებში ჩვენი მხარე დაიჭირეთ. მადლობა მთლიანად საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რაც ქართველებს გვაქვს. ეს მე ვიცოდი, ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ვაჩვენეთ მსოფლიოს და ამის გამო დიდი მადლობა“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, წარმატების მიღწევაში პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„მადლობა იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. თქვენი ლოცვა-კურთხევა ჩვენი ბიჭებისთვის, ჩვენი გუნდისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იგრძნობოდა გუნდში ყოველთვის, ყოველდღე, ყოველ თამაშზე. შესაბამისად, წარმატება ვერ მოვიდოდა თქვენი ლოცვა-კურთხევისა და უფლის წყალობის გარეშე. ბედნიერები ვართ თითოეული ჩვენგანი“, – განაცხადა კობიაშვილმა.