ილია მეორე -  მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს
ილია მეორე - მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვლილი პერიოდი ქართველი ერის გამოცდა იყო, რა დროსაც ხალხმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა.

„არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოს ადამიანმა, უკვე გამარჯვებულია, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ.

ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში.

მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.