ილია მეორე - როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა
როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა, – ამის შესახებ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში ქადაგებისას.
„გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ მათ ანგელოზის დღეს.
მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს არის ოჯახის ფასეულობა.
თქვენ იცით ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი და მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ.
მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა: დამლოცე, დედაო; დამლოცე, მამაო.
ბიბლიაში წერია: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. ამას შეგახსენებთ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, გახარებული იყოთ;
ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი ოჯახი მოგცეთ ღმერთმა“, – აღნიშნა ილია მეორემ.