ილია მეორე - პერიოდი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავიარეთ, იყო გამოცდა, ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა
პერიოდი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავიარეთ, იყო გამოცდა, ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორემ მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდა, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.
„მინდა შევეხო ერთ საკითხს, პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ვის შეუძლია სხვისი სიმძიმე იტვირთოს, შეუძლია იმ ადამიანს, რომლის სული, გონება და გული გამსჭვალულია ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებით, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ადამიანს უჭირს, სხვისი სიმძიმე იტვირთოს. თურმე უფრო მძიმე ყოფილა, იტვირთო სხვისი სიხარული, ვიდრე მწუხარება. მწუხარებას უფრო ადვილად იტვირთავ და სიხარულს უფრო მძიმედ.
პერიოდი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავიარეთ, იყო გამოცდა, ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა, ეს ძალიან საწყენია. ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოს ადამიანმა, უკვე გამარჯვებულია, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ.
ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში.
მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.