ილია მეორე - ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად, აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა
ქვეყნიერების აღსასრულის ზუსტი დრო დაფარულია თვით ანგელოზთათვისაც, თუმცა ცალკეული წინასწარი ნიშნები ამ დღის დადგომისა განკაცებულმა უფალმა გვაუწყა, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.
„ბოლო ჟამის შესახებ საგულისხმოა აგრეთვე წმინდა წერილში გადმოცემული ისტორიაც სოდომისა და გომორის შესახებ, სადაც გაბატონებულმა უკიდურესმა გარყვნილებამ და ზნედაცემულობამ ღმერთი იმდენად განარისხა, რომ მათი განადგურება გადაწყვიტა. აბრაამ მამათმთავარი უფალს ევედრებოდა, რომ ამ ქალაქებში თუ ორმოცდაათი, ან თუნდაც უფრო მცირე რაოდენობით იქნებოდნენ მართალნი, არ აღეგავა ისინი პირისაგან მიწისა. უფალმა დაუთმო და ბოლოს ათზე დათანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლოთის ოჯახის გარდა, მართალი არავინ იყო.
ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, როგორი იქნება ჩვენი რწმენა და სიყვარული; ეს განსაზღვრავს არა მარტო პირადად ჩვენს მომავალს, არამედ, – ქვეყნის და მსოფლიოს ხვედრსაც.
რა მოხდება მეორედ მოსვლის შემდეგ? მეორედ მოსვლისას საბოლოოდ განისჯებიან ყოველნი, – ცოდვილნიც და მართალნიც, რათა არცერთ ადამიანს თავისი სიკეთის ამქვეყნად გამოვლენილი მისხალიც არ დაეკარგოს, მის სახელზე ახლობელთა და სხვათაგან აღსრულებული ქველი საქმენი მიეთვალოს და უკანასკნელი მსჯავრი უკეთესი მიეგოს“, – აღნიშნულია სააღდგომო ეპისტოლეში.
ილია მეორე აღნიშნავს, რომ ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი.
„ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათა შენდობას.
ხოლო შემდეგ, უხრწნელი სხეულით შემოსილნი, ხატნი და მსგავსნი უფლისა, კვლავ გააგრძელებენ ღვთისკენ დაუსრულებელ სწრაფვას, რა თქმა უნდა, სხვა სახით და სხვა მდგომარეობით, დანარჩენნი კი მარადიულ სატანჯველს დაიმკვიდრებენ.
სწავლების მიხედვით, თავის გარდაქმნილ, უკვდავ და უხრწნელი თვისებების მქონე სხეულებს, მართალთა მსგავსად, ღვთისაგან განდგომილი ცოდვილნიც შეიმოსავენ, მაგრამ მოუნანიებელ დანაშაულთა და ვნებათა სიმძიმე მათ დაუსრულებელ ტანჯვას განაპირობებს, როგორც მათი ნებაყოფლობითი არასწორი არჩევანისა და მოქმედების შედეგს.
ეკლესიაში მაცხოვრისა და მისი მოწაფეებისაგან დადგენილი ნათლობის წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და სულიწმინდის ნიჭის თანაზიარი ამ ქვეყნად ყველა მართლმორწმუნე ხდება; ამასთან ადამზე აღმატებულის, რადგან ეს მადლი ჩვენს პირველმშობლებს საჩუქრად, დამსახურების გარეშე, ჰქონდათ დედამიწაზე, ედემში; ქრისტიანებს კი იგი ეძლევათ მაცხოვრის უდიდესი გამომსყიდველი მსხვერპლისა და პირადი სულიერი ღვაწლის შედეგად და ამასთან, მარადიული ნეტარების დასამკვიდრებლად; მაგრამ მის შენარჩუნებას ბოროტის მიერ დაგებული ათასგვარი განსაცდელის გამო, მცირედნი თუ აღწევენ.
ამიტომაც ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მით უმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, მხოლოდ აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს“, – აღნიშნავს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.