ილია მეორე - მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა
მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.
„დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის.
ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი „სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების“ სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.
ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ“, – აღნიშნავს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.