სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს იაკობ გაგულაშვილი და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ პალაგაშვილი, დამსახურებული სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვანი.
მისმა უწმინდესობამ ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან და სანიმუშო ძმობას გაუსვა ხაზი.
მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა აღნიშნა, რომ დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ქართველებსა და ებრაელებს შორის ისტორიული მეგობრობა 26 საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა მისი აზრით და ებრაულ წმინდა წიგნებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ურთიერთობას გაცილებით ადრე ჩაეყარა საფუძველი და თავის მხრივ დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩვენს შორის არსებული კავშირის განმტკიცებისთვის.
მან ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ მოღვაწეობას, მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.