ილია მეორე - ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება პრეზიდენტის ინაუგურაციას, პირველი შემთხვევაა, როცა ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად
მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია, ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს.
„პერიოდი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავიარეთ, იყო გამოცდა, ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა, ეს ძალიან საწყენია. ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოს ადამიანმა, უკვე გამარჯვებულია, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ.
ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში.
მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.