ილია მეორე - მინდა, გაგამხნევოთ, განსაცდელი, მოვლენები, რომლებიც წარსულში იყო, დღეს არის ან მომავალში იქნება, ხელს გვიწყობს ამაღლებაში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
ილია მეორეს თქმით, უფლის მსგავსად, ყველა ადამიანის ამაღლება უნდა მოხდეს და ადამიანებს ახსოვდეთ, რომ ამ წუთისოფელში დროებით იმყოფებიან.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცას ამაღლებას. ეს არის დღესააწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, სინამდვილეში, მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი ამბობს, რომ მე თქვენს შორის ვარო, მადლობა უფალს, ჩვენთან არს ღმერთი.
უფალი მოგიწოდებთ, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მინდა, გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა, ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მესიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.
ჩვენ ვიცით თქმა, ღმერთს ებარებოდეთო. სანამ ამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა უნდა გაახაროს. გააიხარეთ წუთისოფელსა შინა – როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილები, საჩუქრები, მე ვეუბნები მათ, თქვენც ასე უთხარით სტუმრებს, გაიხარეთ და გაგვახარე. ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთის არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა. გაიხარე საქართველო და მთელი მსოფლიო, ღმერთი არს ჩვენთან“, – განაცხადა ილია მეორემ.
ამასთან, ილია მეორემ დღევანდელი ქადაგების დროს ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ორშაბათს არის ნინოობა, ხვალ მივემგზავრებით ბოდბეში და კვირას საღამოს იქნება ლოცვა, ორშაბათს წირვა. წმინდა ნინო შეგეწიოთ და დალოცვილი იყავით“,- განაცხადა ილია მეორემ.