ილია მეორე - მარიამ ლორთქიფანიძეს ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა
სიონის ტაძარში, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილი წაიკითხა.
“მსურს, გამოვხატო გულისტკივილი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონის, მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. იგი სამაგალითო იყო სიბრძნით, ცოდნით, მამულიშვილობით, ღვთის სიყვარულით. ცოტამ თუ იცის, რომ მას ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, მაგრამ ღვთის წინაშე კი სურვილიც შეიწირება. აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი მარიამის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ ცხოვრება არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. აკადემიკოსი 95 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა.