ილია მეორე - კვირაცხოვლობა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ამ დღეს მღვდლად მაკურთხეს
სვეტიცხოვლის ტაძარში კვირაცხოვლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და თომას კვირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ილია მეორემ განმარტა, რომ დღევანდელი დღე არის აღდგომის დღესასწაულის გამეორება.
წირვას პატრიარქის ინიციატივით წმინდა სინოდის წევრები ესწრებოდნენ.
„კვირაცხოვლობა არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა. ეს არის განსაკუთრებული დღე, რომელსაც თომას კვირიაკესაც უწოდებენ. სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მოციქულებს გამოეცხადა უფალი, სადაც თომა არ იყო. თომამ რომ მოისმინა, მოციქულებმა იხილეს უფალი, უთხრა მათ – თუ არ შევეხები თითებით მაცხოვრის ჭრილობას, ვერ დავიჯერებო. აღდგომიდან რვა დღის შემდეგ გამოეცხადა მას უფალი და მიმართა: მშვიდობა ყოველთა თქვენთანა. მიმართა თომას მოჰყავ თითნი შენი და შემახე. თომა მოციქული დავარდა მუხლებზე და თქვა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. თომა მოციქული იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა უფალი, როგორც ღმერთი. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, მცველი, საქართველოს მფარველი”,- თქვა პატრიარქმა.
ილია მეორემ ასევე გაიხსენა, რომ ის მღვდლად კვირაცხოვლობას აკურთხეს და პატრიარქის თქმით, ეს დღესასწაული მისთვის სწორედ ამ მიზეზით ერთ-ერთი გამორჩეულია.
„ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ამ დღეს მე მაკურთხეს მღვდლის ხარისხში, როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი”, – განმარტა სრულიად საქართველოს პატრიარქმა.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მღვდელმონაზონი ილია ჩატუნელი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა.
კვირაცხოვლობას პატრიარქმა ასევე ოთხი გვარი დალოცა.