ილია მეორე - კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ
ილია მეორე - კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ

კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ –  ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

„ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28%-ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.

ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.

კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.

ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.

ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, – კანონმდებელთ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.