ილია მეორე - ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე
ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში.
„დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ჯანსუღის გარდაცვალების გამო. იგი როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე. მართალია, მან რთული და მრავალფეროვანი გზა განვლო, რაც ქვეყნის ცხოვრების წესმაც განაპირობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უფლის წინაშე წარსდგა, როგორც მონანული და დიდი პოეტი. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა „სავანესა მართალთასა“ დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ გარდაცვალება არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ”, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმარში.