ილია მეორე - ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა ერისა
ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა ერისა – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა.
საპატრიარქოს ცნობით, კონფერენციაზე წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მიენიჭა.
უწმინდესმა და უნეტარესმა კონფერენციაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა.
„წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული.
ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია.
თვითონ სახელი „ელია“ მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: „ელ“ – ღმერთი და „იახვე“ – უფალი, ე.ი. – ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი.
ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა.
მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, ისინი მას არ მოკლავდნენ.
დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის.
შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ!“ – აღნიშნა ილია მეორემ.
აღსანიშნავია, რომ წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას საინგილოშიც გამართავს.
დღეს, 8 ნოემბერს, 13:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთაწმინდაზე, წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე პარაკლისს გადაიხდის.