ილია მეორე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა
ილია მეორე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი და იერუსალიმის წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტიოსი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია.

„ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მოკითხვა და საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯვრის მონასტერში არსებულ სიტუაციას და ისრაელში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მეუფე ფილომენმა აღნიშნა, რომ ქართველები ხშირად დადიან ჯვრის მონასტერში, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვთისმსახურებაში და თვითონაც ცდილობს, მათ თავი ისე აგრძნობინოს, როგორც საქართველოში.

მთავარეპისკოპოსმა ფილომენმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერებით აღნიშნა, რომ იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გააკეთებს წმინდა მიწაზე ქართველების დასახმარებლად“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა სტუმრებს, დალოცა ისინი და სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვაზე მიიწვია.