ილია მეორე - ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი, ეს ჩვენი ბედია
საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, როცა პატრიარქად აკურთხეს, იმ პერიოდში ხუთი-ექვსი ადამიანი მიდიოდა სიონის ტაძარში.
„მე ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. ხალხს უკვირდა, მერე გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ ააშენა ეს წმინდა ტაძარი. წმინდა სამებამ დაამტკიცა ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, დღეს მოხდება თბილისის ქუჩების ხატის თანხლებით შემოვლა და იშხურება ნაკურთხი წყალი, რაც „განამტკიცებს ქალაქს“.
„მე მინდა, მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა. ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ“, – განაცხადა ილია მეორემ.