საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.
როგორც პატრიარქმა სამების ტაძარში, ტრადიციული ქადაგებისას აღნიშნა, ფერიცვალება არის დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს.
„ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, მიდის მაღლა ან ეშვება დაბლა. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, ვიაროთ სრულყოფისკენ კიბეზე. ეს აუცილებელია. ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ, რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. შევთხოვთ უფალს, რომ აკურთხოს ერი თავისი დიდებით. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერისცვალების ღირსი გავხდეთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.
ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.