ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში
დიდგორი არ დამთავრებულა, ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ, ვიდრე ვარსებობთ, დიდგორი ყოველთვის იქნება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.
ილია მეორემ დიდგორის ომის გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება, შედგება ბრძოლებისგან – ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. დღეს დიდგორობაა, უდიდესი ბრძოლა, რომელიც გადაიტანა ქართველმა ხალხმა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ დავით აღმაშენებელს, რომელმაც ისე დაგეგმა, ისე მოაწყო, რომ გამარჯვება იყო გარდაუვალი. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი რაოდენობა იყო მტრისა, დავით აღმაშენებელმა სიბრძნე გამოიჩინა. დავით აღმაშენებელმა ჩახერგა უკან დასახევი გზები. დავით აღმაშენებელი თავის თავსაც აყენებდა საშიშ მდგომარეობაში, მაგრამ ჰქონდა იმედი ღვთისა და ამ იმედმა გაუმართლა საქართველოს. აი, დღეს ჩვენ ვახსენებთ დიდგორობას და ღმერთმა ინებოს, დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში. დიდგორი არ დამთავრებულა. ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ, ვიდრე ვარსებობთ, დიდგორი ყოველთვის იქნება. არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბროლების. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. უპირველეს ყოვლისა წმინდა მამები ამბობენ, რომ შენ თუ გაიმარჯვებ შენს თავზე, ყველგან გამარჯვებული იქნები. აი, ეს უნდა გვახსოვდეს”, – ბრძანა ილია მეორემ.