ილია მეორე - ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს, შიში არ უნდა გქონდეთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოქალაქეებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
ილია მეორის თქმით, ღმერთი მოწყალეა და საქართველოს გადაარჩენს. პატრიარქმა რწმენასა და სიყვარულზე გაამახვილა ყურადღება.
„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის დიდი სასწაული, სასწაული დღევანდელი დღეცაა, ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს. შიში არ უნდა გქონდეთ, რწმენა და სიყვარული, დალოცვილი იყავით, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.
14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება.
გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა.
ლეგენდის თანახმად, საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, „სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი“, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აღნიშნულ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.