ილია მეორე - გახსოვდეთ, ოჯახი ბედნიერია, თუ ის კანონიერია, კანონიერი ოჯახი კი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან
გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობის მონაწილეებს მიმართა.
„უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენ ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა გაიმართა. ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.