ილია მეორე - გაჭირვების დროს უნდა თქვათ, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს
გაჭირვების დროს უნდა თქვათ, ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვის დასრულებისას, ქადაგების დროს განაცხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ილია მეორის თქმით, განსაცდელი ადამიანისთვის ღვთისგან ბოძებული ჯვარია.
„აი, განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ. დღევანდელ დღეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ჯვარი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის ღვთისაგან ბოძებული. მაგრამ აუტანლად მძიმეა, როცა ადამიანი თვითონ იღებს ჯვარს. სინამდვილეში, ღმერთი გვაძლევს ჯვარს და ჯვარი არის განსაცდელი. ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ატარებს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ის ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, აძლევს ძალას.
ილია მეორემ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და ქალის ისტორია გაიხსენა, რომლის მეუღლე და შვილები ომში წაიყვანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, მისთვის ილოცონ.
„მე მახსენდება მეორე ომის პერიოდი, როცა ხალხს ძალიან უჭირდა. ქალბატონი, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, ქმარი და ორი შვილი – ბიჭი და გოგო. სამივე, ქმარიც და შვილებიც წაიყვანეს ომში და დარჩა უპატრონოდ დედა. მოდიოდა ჩვენს სახლთან, სადაც ვცხოვრობდით და გვიამბობდა თავის წარსულს. მიუხედავად დარდისა, არასდროს განუცდია მას გაჭირვება. პირიქით, უნდოდა, რაღაც სიამოვნება მოეტანა სხვისთვის. მისი სახელია ევდოკია და მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ვილოცოთ ევდოკიასთვის. მას არავინ აღარ დარჩა. როცა ღმერთი აძლევს განსაცდელს, ღმერთი აძლევს ძალას, ღმერთი აძლევს სიბრძნეს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს – ღმერთი არის სიყვარული. ხოდა, გაჭირვების დროს უნდა თქვათ, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ“, – აღნიშნა ილია მეორემ.