ილია მეორე ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ავრცელებს.
„ყველას გულითადად გილოცავთ საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულს, – ფერისცვალებას, რომელიც არის წინასახე მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფეველში მართალთა გაბრწყვინვებისა.
ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ.
ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები.
მორწმუნე ერს კი მინდა მივმართო, რომ ყოველდღიურად მთელი გულით და, შესაძლებლობისამებრ, ხშირად წარმოსთქვით უფლის სადიდებელი შემდეგი მცირე ლოცვა:
„ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა”……
ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი.
საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.