სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის სახალხო პარტიის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟან ოლბრიხტი ხელმძღვანელობდა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორემ სტუმრებს ვიზიტისთვის და საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა, სადაც საუკუნეთა მანძილზე ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ განსხვავებული რწმენისა და ეთნოსის ადამიანები და რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას თავის მხრივ მართლმადიდებელი ეკლესია უწყობდა და უწყობს ხელს.
ევროპარლამენტარებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დიდია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის როლი კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაში და ამასთან, საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცების იმედი და სურვილი გამოთქვეს.